მოძრაობა დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია ქართული ოცნების მიერ "სისხლიანი ბანერების" გამოკვრას ქართული ოცნების წინასაარჩევნო ისტერიად აფასებს.
მისი თქმით, მმართველმა გუნდმა იცის, რომ გამარჯვების შანსი არ აქვს და დაუფარავად გადადის აგრესიულ ფორმებზე.
"ეს არის სიძულვილის ენა, რაც არის ძალიან ჩვეული მათთვის. ამისთვის მათ მიღებული აქვთ კრიტიკა ეუთო/ოდირიდან, რომლის ანგარიშშიც პირდაპირ წერია, რომ ეს არის სიძულვილის ენა და არის მიუღებელი.
მაგრამ, ჩვენ ვიცით, რომ ქართული ოცნების ერთადერთი სათქმელი საზოგადოებისთვის არის სიძულვილი და გახლეჩვის დათესვა საზოგადოებისთვის". - თქვა ხოშტარიამ.
მისივე შეფასებით, ყველაზე ტრაგიკული ის არის, რომ ეს ბანერები ვაქცინაციისკენ მოწოდების ბანერებს გადააკრეს.
"ქართული ოცნება ამბობს, რომ მათთვის პრიორირეტულია არა ის, რომ საზოგადოება აიცრას და ნაკლები მსხვერპლი იყოს, არამედ სიძულვილის დათესვა, რომ ამით ვითომ შეინარჩუნოს სკამი.
ეს არის მორალური, ადამიანური, პოლიტიკური განაჩენი ნებისმიერი ხელისუფლებისთვის და მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერზე: სიძულვილზე, გულგრილობაზე, უპასუხისმგებლობაზე პასუხი გაეცემათ 2 ოქტომბერს". - ამბობს დროას ლიდერი.
"არა ნაცებს", არა ბოროტებას, არა ღალატს", - ამ წარწერით თბილისის ქუჩებში წინასაარჩევნოდ ახალი ბანერები 17 სექტემბერს, გვიან ღამით გააკრეს. მათზე მედიისა და ოპოზიციის წარმომადგენლები არიან გამოსახული, ისევ სისხლის შხეფების ფონზე.
წლევანდელ ბანერებს ახალი სახეები დაემატა, მათ შორის ყოფილი პრემიერი გიორგი გახარიაა.
ბანერზე გამოსახულია ენმ-ს თავმჯდომარე ნიკა მელია, დეპუტატი გუბაზ სანიკიძე, ტვ პირველის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე, მთავარი არხის დირექტორი ნიკა გვარამია, ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია და გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე.